რადიკულიტი

რადიკულიტი

რადიკულიტი

 რადიკულიტი არის დაავადება, რომელიც განპირობებულია  ვერტებრალური ნერვების (ნერვები, რომლებიც გამოდის ზურგის ტვინიდან) დაზიანებით. რადიკულიტის დროს უფრო ხშირად ზიანდება წელის და გავის არეში მდებარე ნერვები, შედარებით იშვიათად კისრის და უფრო იშვიათად - გულმკერდის  არე.

რადიკულიტის მიზეზები

 რადიკულიტის ძირითადი მიზეზია მალთაშორისი დისკების დისტროფიული ცვლილებები - ოსტეოქონდროზი. ასეთი ცვლილებები შეიძლება წარმოიშვას ტრავმის, გაციების, სხვადასხვა ინფექციების, ინტოქსიკაციის შედეგად. ოსტეოქონდროზი აგრეთვე შეძლება ჩამოყალიბდეს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სხვა და სხვა დაავადებების დროს (მათ შორის თანდაყოლილი) და ხერხემლის სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში.

ცვლილებები მალთაშორის დისკში იწვევს მის ნაწილობრივ დაშლას, გათხელებას. იგი კარგავს თავის დრეკად თვისებებს, შემდეგ კი გამოიწევა და ახდენს სათანადო ნერვებზე ზეწოლას.

გავა-წელის რადიკულიტი

 გავა-წელის რადიკულიტი არის პერიფერიული ნერვული სისტემის ყველაზე გავრცელებული დაავადება. ყველაზე ხშირად იგი ვითარდება 30-50 წლის ასაკში.  განსაკუთრებით ხშირად გავა-წელის რადიკულიტი ემართებათ იმ პირებს, ვისაც მძიმე ფიზიკური დატვირთვა აქვთ, ან პირიქით, ფიზიკურად ძალიან მცირედ იტვირთებიან, ან იმ პირებს, ვისაც უწევთ მუშაობა სიცივეში და ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში.

გავა-წელის რადიკულიტი ძირითადად არის ცალმხრივი და მარეციდივებელი (ხშირი გამწვავებით).

ავადმყოფების უმრავლესობას დაავადება ეწყება წელის ტკივილით (ლუმბაგო ან ლუმბალგია) და ტკივილით ფეხის უკანა ნაწილში (იშიალგია - საჯდომი ნერვის ანთების ნიშანი).

რადიკულიტის მკურნალობა

რადიკულიტის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, მისი გამომწვევი მიზეზების და მექანიზმის გათვალისწინებით. მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიული მეთოდებით და მხოლოდ მათი არაეფექტურობის შემთხვევაში მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.

რადიკულიტის მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები მოიცავს მედიკამენტების გამოყენებას, რომლებიც იწვევს ტკივილის მოხსნას, შეშუპების გაწოვას და დამშვიდებას. ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად ნიშნავენ ვიტამინების და მინერალების კომპლექსს. დიდი მნიშვნელობა მკურნალობაში აქვს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს გამწვავების პერიოდში  (ამპლიპულსი, ფონოფორეზი, ელექტროფორეზი და სხვ.).

ოსტეოქონდროზით გამოწვეულ რადიკულიტის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს დაჭიმვას.

როცა პაციენტს მწვავე ტკივილი აღარ აქვს, უმატებენ სამკურნალო ვარჯიშსა და მასაჟს. სპეციალურად შერჩეული ვარჯიშის ხარჯზე იქმნება კუნთოვანი კორსეტი, რომელიც უზრუნველყოფს მალთაშორის მანძილის გაზრდას, რაც ამცირებს ნერვზე ზეწოლას.

მწვავე ტკივილის დროს სასურველია დიეტის დაცვა: უნდა მოვერიდოთ ისეთ პროდუქტბს, რომლებიც ორგანიზმში წყალს აკავებს (მლაშე, შებოლილი, ცხარე). საჭიროა ცხიმიანი ხორცის და ბულიონის შაზღუდვა. სასარგებლოა ვეგეტარიანული სუფები, ფაფები და კარტოფილი.